| სილამაზის კონკურსები თბილისისთვის ძალზე მტკივნეული თემაა, ერთადერთი სილამაზის კონკურსი, რომელიც საქართველოში არ გაუპროტესტებიათ, “იმიჯ-ცენტრის” მიერ ორგანიზებული პირველი “მის საქართველო” იყო, სადაც ირინა ონაშვილმა გაიმარჯვა, , მას შემდეგ იყვნენ ნასამართლევი, გათხოვილი და ა.შ. მისები. “ფაქტნიუსი” ამჯერად “მის თბილისის” კონკურსის შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას.ბოლო “მის თბილისიც” რამდენიმე წლის წინ სკანდალებით დამთავრდა, 12 მაისს, 19 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრში კომპანია “ნიუ სთარი” სილამაზის კონკურსს ჩაატარებს. ამ კონკურსში განსხვავებული ის არის, რომ თბილისის ულამაზეს გოგონას 12-დან -წლამდე გოგონებიდან გამოავლენენ. იმავე დღეს 6-დან 12 წლამდე გოგონები “ბარბის” ტიტულისთვის იბრძოლებენ, ამავე ასაკობრივ ჯგუფში გამოავლენენ “მისტერ თბილისსაც”. კომპანია “ნიუ სთარი” ჩვენთვის იმითაც გახდა საინტერსო, რომ მასალის მომზადებისას, კომპანიის პრეზიდენტის, გიორგი ბარამაშვილის სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” მიმართ არსებული პრეტენზიებიც ამოტივტივდა. “ფაქტნიუსი”კონკურსის ორგანიზატორი კომპანიის პრესიდენტს, გიორგი ბარამაშვილს ესაუბრა.</P> _ გიორგი, მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა, რატომ გადაწყვიტეთ კონკურსის გამართვა? _ იცით, რა, ოცი წელია, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პიკზეა, პოლიტიკოსებს რომ ვუყუროთ, უნდა გავჩერდეთ, ისედაც დიდი ხანია, გაჩერებული ვარ. თანაც, ჩვენი კონკურსის დევიზია _ “დავუბრუნოთ ბავშვებს ბავშვობა”. _ გასაგებია... როგორც ვიცი, “ბარბის” და “მისტერ თბილისს” რამდენიმე წელია, ატარებთ, “მის თბილისს” კი წელს პირველად გამოავლენთ. _ ასეა. სხვათა შორის, კომპანია “ნიუ სთარი” ახალი კომპანიაა, მაგრამ კონკურსებს და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს დიდი ხანია ვატარებ. მაგალითად, 90-იან წლებში, როცა ბათუმის ფილარმონიის დირექტორი ვიყავი, აჭარაში ჩავატარე “მის აჭარა”. 2000 წელს კი მოვიფიქრე ყველაზე ლამაზი ბებიის კონკურსი, მაგრამ სხვამ ჩაატარა. საერთოდ, ძალიან ბევრი იდეა მაქვს, დავიყენებ ვინმეს გვერდით და მერე მშვენივრად ახერხებენ, რომ ეს პროექტები მათი გახდეს. ისე, მხოლოდ სილამაზის კონკურსების კი არა, ვოკალისტთა კონკურსებიც ჩამიტარებია, მქონდა ფესტივალი 97-98 წლებში _ “მიმღერე რამე” და ამ სახელობის სტუდიაც, მაგალითად, მარიკა თხელიძე “მიმღერე რამეს” პირველი გრან-პრის მფლობელია, პირველი გამარჯვების გემო ქეთა თოფურიამაც ამ ფესტივალზე იგემა, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შემიძლია. დღეს რომ “რუსთავი 2” აკეთებს გადაცემას ამ სახელწოდებით და ვერ ვაპროტესტებ, იმის ბრალია, რომ ეს იდეა დაპატენტებული არ მქონდა, არადა, ეკითხათ მაინც, მათ ეს ამბავი უნდა იცოდნენ, რადგან, თიკა მახალდიანი, რომელიც ერთ-ერთი მონაწილეა ამ პროექტის, ჩემს ფესტივალზე _ “მიმღერე რამე” პრიზიორი იყო, მართალია, პირველი ადგილი არ აუღია, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ამავე სახელწოდების სტუდიაში გააგრძელა ვოკალში მეცადინეობა, მშვენივრად უნდა ახსოვდეს. _ როგორი იქნება თქვენს მიერ ორგანიზებული პირველი “მის თბილისი”? _ ღონისძიება თეატრალიზებული იქნება. რეჟისორობა ჩემს თავზე ავიღე, კონკურსი სამ ტურად გაიმართება, ვიზუალურობის გარდა, ჟიურის წევრები კონკურსანტების არტისტულობას და ჩაცმულობასაც შეაფასებენ. ღონისძიება კინოსტუდია “ქართული ფილმთან” არსებული სტუდია “სამის” და მისი ხელმძღვანელის, ზურა ცინცქალაძის მხარდაჭერით გაიმართება, გამარჯვებულებს და კონკურსის კიდევ რამდენიმე მონაწილეს ეს კომპანია მხატვრულ ფილმშიც გადაიღებს. _ და “მის თბილისს”, პატარა “მისტერ თბილისსა” და “ბარბის” ერთად გამოავლენენ, არ მგონია, რომ ეს მიდგომა მართებული იყოს... _ არა, რა თქმა უნდა, კონკურსი სამ ნაწილად არის დაყოფილი და თითოეულს სამი ტური აქვს. 6-დან 12 წლამდე ბიჭებში გამოვავლენთ “მისტერ თბილისს”, ამავე ასაკობრივ ჯგუფში იქნება შერჩეული “ბარბი”, 12-დან 18 წლამდე გოგონებში კი უკვე შევარჩევთ “მის თბილისს”. _ 12 და 17 წლის გოგონების ერთმანეთთან დაპირისპირება შეიძლება? _ წინასწარ ჩავატარეთ კასთინგი და შერჩევისას ვიხელმძღვანელეთ იმითაც, რომ ზოგი 12 წლის გოგონა, ასაკთან შედარებით, დიდად გამოიყურება, ასეა 17 წლის შემთხვეაშიც, ზოგი 30 წლისას ჰგავს, ასე რომ, კასთინგზე გამოვრიცხეთ ასეთი პრობლემები, ამაში დარწმუნდებით თავადაც, როცა კონკურსზე მობრძანდებით, გპირდებით, რომ ყველანაირად გამართული ღონისძიება იქნება. აქვე, მინდა დავამატო, რომ ტრადიციული ტური საცურაო კოსტიუმებით არ იქნება, მონაწილეები გამოვლენ “ელასტიკებით”, სასტიკი წინააღმდეგი ვარ ბავშვების გაშიშვლების. შემდეგი ტური იქნება ნაციონალური კოსტიუმების თანამდეროვე ვერსიების ჩვენება, ამ ტურს “თამარ ქალი” დავარქვით და ჩემს მიერ დაწერილი სიმღერის ფონზე გავა, ამ სიმღერას თავად ვასრულებ, მე ხომ პროფესიით ვოკალისტი ვარ. _ ე.ი. სიმღერებსაც წერ? _ ასეა. რეჟისორიც მე ვარ, კომპოზიტორიც და ყველაფერი.. _ თქვენს სიმღერებს ცნობილი შემსრულებლებიდან მღერის ვინმე? _ არა, მხოლოდ მე ვასრულებ და ის ბავშვები, ვინც ჩემს სტუდიაში მღეროდნენ, თიკაც მღეროდა მახალდიანი. _ ჟიურის წევრიც მარტო ხომ არ იქნებით? _ არა, ჟიურის წევრი რამდენიმე იქნება, მათი ვინაობა რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებულია. _ მაინც, რა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან? _ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, შესაძლოა, მათი სახელები ყოველდღე არ გესმით ტელევიზიით, მაგრამ, დამიჯერეთ, თავის საქმის პროფესიონალები არაინ. ჟიურის ერთი წევრი ქალაქის მთავრობის წარმომადგენელიც იქნება. რადგან “მის თბილისს” ვირჩევთ. _ სპონსორები გყავთ? _ არა, ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ, ყველა მონაწილეს შემოაქვს სიმბოლური თანხა და ამით ვფარავთ ხარჯებს. თანხის დასახელებისგან თავს შევიკავებ. _ რაც შეეხება პრიზებს... _ რადგან საქმე ბავშვებს ეხება, “ნიუ სთარი” არც ერთ მათგანს საჩუქრისა და დიპლომის გარეშე არ დატოვებს, რომ ბავშვებს ტრავმა არ მივაყენოთ. ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები არიან, არ ვაწესებთ ფულად საჩუქრებს. აქვე მინდა გითხრათ, რომ კომპანია ამაზე არ ჩერდება და ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრთან ერთად, 18-19-20 მაისს გაიმართება რეგისტრაცია აჭარაში “მის თინეიჯერის”, “პატარა მისტერ ბათუმისა” და “ბარბის” გამოსავლენად, ანალოგიური სახის კონკურსებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც ვაპირებთ, შემდეგ უკვე ჩავატარებთ კონკურსს რეგიონებში გამოვლენილ კონკურსანტებს შორის.</P> მაცაცო კევლიშვილი <A href="http://www.factnews.ge">www.factnews.ge</A> </P>
|