
გაერო-ს გენერალური მდივნის, ბენ კი მუნის მორიგ ანგარიშში, რომელიც კავკასიაში არსებულ ვითარებას შეეხება, აფხაზეთი საქართველოს ნაწილად არ არის მოხსენიებული. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობის პრესმდივნის, რუსლან ბახტინის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. გენმდივნის ანგარიში უშიშროების საბჭოს სამი დღის დაგვიანებით გადასცა. რუსული წყაროების ცნობით, ამის მიზეზი სწორედ დოკუმენტის დასახელება იყო, შეერთებული შტატები აფხაზეთის საქართველოს ნაწილად მოხსენიებას ბოლო მომენტამდე ითხოვდა. „რუსეთის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ გენერალური მდივნის ანგარიში მიიღო. დოკუმენტის სახელწოდებაა - „გენერალური მდივნის ანგარიში, წარმოდგენილი უშიშროების საბჭოს 1808, 1839 და 1866 რეზოლუციების შესაბამისად“, - განაცხადა ბახტინმა და დასძინა, რომ რუსეთის წარმომადგენლობა ანგარიშის შინაარსზე კომენტარს მხოლოდ მისი დებულებების ანალიზის შემდეგ გააკეთებს. გაერო-ში რუსული დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, დოკუმენტის დასახელებაში აფხაზეთის საქართველოს კუთვნილების შესახებ სიტყვების არარსებობა მას წინა ანგარიშებისგან განასხვავებს. ბენ კი მუნის ყველა წინა ანგარიშის სახელწოდება იყო - „ვითარების შესახებ აფხაზეთში, საქართველო“. რუსული წყაროების მტკიცებით, გაერო-ს გენმდივანი დიდ ხანს ვერ წყვეტდა, დოკუმენტის სახელწოდებად აშშ-ის მიერ შეთავაზებული ვარიანტი აერჩია, რომლითაც აფხაზეთი საქართველოს ნაწილად იყო ნახსენები, თუ ამ ასპექტს საერთოდ არ შეხებოდა, როგორც ამას რუსული დელეგაცია სთავაზობდა. უშიშროების საბჭოსთვის ანგარიში გენერალურ მდივანს 15 მაისს უნდა წარედგინა.
|