9 აპრილის აქციებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალები ხელისუფლებას რამდენიმე წინადადებას სთავაზობენ
|
| 18.05.2009, 20:50 |
9 აპრილის აქციებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალები ხელისუფლებას რეფორმების დასაწყებად რამდენიმე კონკრეტულ წინადადებას სთავაზობენ. 9 აპრილის აქციების ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ოპოზიციის შეთავაზება 6 პუნქტს მოიცავს. პირველია რეალური ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რაშიც პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა; 2009 წლის შემოდგომაზე სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, თბილისის მერის არჩევნების ჩატარება იგულისხმება. მეორე პუნქტია საკონსტიტუციო რეფორმები, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებების გზით, 2009 წლის ოქტომბრისთვის მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღის დადგენას და კონსტიტუციური მოწყობის საკითხებზე საპარლამენტო არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარებას მოიცავს. მესამე პუნქტი სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებად ოპოზიციასთან შეთანხმებული პირების დანიშვნას და შინაგან საქმეთა სამინისტროდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და უშიშროების სხვა ქვედანაყოფების გამოყოფას გულისმობს. მეოთხე პუნქტში სასამართლო რეფორმის დასაწყებად, ოპოზიციასთან შეთანხმებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა სახელდება. მეხუთე პუნქტში კი, საარჩევნო რეფორმის დაწყებისთვის ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ოპოზიციასთან შეთანხმებით დანიშვნას და ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საარჩევნო კოდექსის სამუშაო ჯგუფის შექმნას ასახელებს. ბოლო პუნქტი მედიასივრცის გაჯანსაღებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის დაწყებას ეხება. ოპოზიციას მიაჩნია, რომ მათთან შეთანხმებით უნდა დაინიშნოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი და სამეურვეო საბჭოს წევრები, “მეორე არხის” მართვა პოლიტოლოგთა და ექსპერტთა შეთანხმებულ ჯგუფს უნდა გადაეცეს, ტელეკომპანია “იმედი” კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდეს და აღმოიფხვრას მაუწყებლობის ლიცენზირების ხელოვნური ბარიერები. “მიმდინარე წლის 11 მაისს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად აფასებს ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკურ კრიზისს და ამიტომ შეუძლებელია მასთან კონსტრუქციული დიალოგის გზით პრობლემების მოგვარება”, - ნათქვმია 9 აპრილის აქციებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალების განცხადებაში. მათი განცხადებით, პრეზიდენტმა გამოთქვა ზოგადი მზადყოფნა რამდენიმე მიმართულებით რეფორმების განხორციელებაზე. ამიტომაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს წინადადებს, რომელთა 26 მაისამდე ხორცშესხმის შემთხვევაში, შესაძლებელია ეროვნული თანხმობის მიღწევისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების პროცესი დაიწყოს.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 606 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|