სამშაბათი, 07.04.2026, 16:04

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

ვინ უვლის ”უცნობს” საკანში?
15.05.2009, 22:28

"ვიფიქრე, რაღაც ახალი კლიპი გადაუღიათ-მეთქი"...
ერთთვიანი საპროტესტო აქციების მანძილზე ყველაზე დაძაბული დღე 6 მაისი აღმოჩნდა. პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის დროს, ათეულობით ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. გიორგობის სისხლიანი ღამის კადრების ნახვა ნებისმიერი ქართველისთვის მძიმე იყო, მით უმეტეს, დაშავებულთა ოჯახის წევრებისთვის. ჩვენ ლევან და გია გაჩეჩილაძეების დედას დავუკავშირდით. ქალბატონმა ნანა თევზაძემ ინტერვიუსთვის შინ მიგვიპატიჟა...

ნანა თევზაძე:
- გიორგობის დღესასწაულს ოჯახში ყოველთვის განსაკუთრებით აღვნიშნავთ. გიას თავისი მოსახელე ბევრი მეგობარი ჰყავს. ყოველ გიორგობას იკრიბებიან, ერთმანეთს ულოცავენ, ეკლესიაში მიდიან, მათთვის ეს დღე ნამდვილი დღესასწაულია. წელს, გია ამ დღეს საკანში რომ ხვდებოდა, ძალიან განვიცდიდი.

- მისალოცად, მასთან საკანში არ მიხვედით?
- გიასთან მისი შვილი, მეუღლე და მეგობრებიც უნდა მისულიყვნენ. ვიფიქრე, ახალგაზრდებს ხელს არ შევუშლი და მოგვიანებით მივულოცავ-მეთქი. იმ დღეს მიტინგზეც არ წავსულვარ, სახლში ვიყავი, საოჯახო საქმეებით ისე ვიყავი დაკავებული, საღამომდე ტელევიზორიც არ ჩამირთავს. სხვა დღეებში თითქმის არც ერთი საინფორმაციო გამოშვება არ გამომიტოვებია. დაძაბული ვარ, მეშინია, რაიმე დაპირისპირება არ მოხდეს. გიორგობას კი ასეთი განცდა რატომღაც, არ მქონდა, მშვიდად ვიყავი, როგორ ვიფიქრებდი, სისხლი თუ დაიღვრებოდა?!.

- პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი ამბავი როგორ შეიტყვეთ?
- საღამოს ტელევიზორი რომ ჩავრთე, ზუსტად იმ კადრს უჩვენებდნენ, რომელზეც ჩანს, გია ღობეზე როგორ ხტება. ვიფიქრე, რაღაც ახალი კლიპი გადაუღიათ-მეთქი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ რეალობა იყო. იმ დროს ტელეფონის ზარის ხმაც გაისმა: ნანა, რა ხდება? რაშია, საქმეო? - ახლობლები მეკითხებოდნენ. ვინ აღარ დამირეკა?! თვითონ არაფერი ვიცოდი და მათთვის რა უნდა მეპასუხა?!

- იმ დროს სახლში მარტო იყავით?
- მარტო ვიყავი, ჩემი მეუღლე მიტინგზე იყო წასული. იმ კადრებისთვის როგორ უნდა მეყურებინა და ტელევიზორი სასწრაფოდ გამოვრთე, გულმა ვეღარ გაუძლო. იმ ღამეს ლევანის დასისხლიანებული თავი რომ დამენახა, ალბათ გული გამისკდებოდა. სასწრაფოდ იმ ახლობლებთან დავიწყე რეკვა, რომლებიც მივიჩნიე, რომ ჩემზე მეტად ინფორმირებული იყვნენ. რა მდგომარეობაშიც ვიქნებოდი, ადვილი წარმოსადგენია!

- ლევანი და გია საავადმყოფოდან იმ ღამესვე წამოვიდნენ. როდის ნახეთ თქვენი შვილები?
- საავადმყოფოში ორივეს ხელწერილი დააწერინეს, რომ საკუთარი ნებით მიდიოდნენ. მეგონა, გია სახლში მოვიდოდა, მაგრამ იმავე ღამეს საკანში დაბრუნდა. მის სანახავად, გათენდა თუ არა, წავედი. იცით, რა საშინელ მდგომარეობაში დამხვდა?! მას მთელ სხეულზე სისხლჩაქცევები აქვს, სასტიკად არის ნაცემი - 2 ნეკნი აქვს გატეხილი! განა ასეთი რა დააშავა?! ხელში ფურცელი ეჭირა, შეიარაღებული ხულიგანი ხომ არ იყო!

- სამმართველოს ეზოში ღობიდან ჩახტომის შემდეგ, როგორ განვითარდა მოვლენები? ალბათ ამის შესახებაც გიამბოთ.
- ჩახტომის შემდეგ გიამ პოლიციელებისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ეს კადრებშიც ჩანს. მერე ყველაფერი აირია, მას დაესივნენ და ცემა დაუწყეს. არავინ იცის, რამდენი პოლიციელი ურტყამდა. წაქცეული გია შენობამდე თრევით მიუყვანიათ. როგორი კაცთმოძულე უნდა იყო, რომ ადამიანს ასე მოექცე! თუმცა, შენობაში შეიყვანეს თუ არა, ზუსტად არ ვიცი. მისთვის თურმე "ცეპი" და ფეხსაცმლის თასმები შეუხსნიათ, ალბათ დაპატიმრებას უპირებდნენ.

- მისი გამოყვანა იქიდან როგორ მოხდა?
- იქ შეკრებილი მომიტინგეები ელოდებოდნენ, გიას როდის გამოუშვებდნენ. ცემით გული რომ იჯერეს, მომიტინგეებისგან მალულად, შენობის უკანა გასასვლელიდან გამოუგდიათ, სადაც ხალხის მცირერიცხოვანი ჯგუფი მდგარა. საავადმყოფოში მათ წაიყვანეს.

- სამმართველოს წინ მისი მეუღლე და შვილიც იმყოფებოდნენ...
- დიახ, ნინო და ირინა იქ იყვნენ. გიას ამბავს ირინასგან ვიგებდი, მას ვურეკავდი. ნინო ახლაც მასთან არის საკანში და უვლის, გიას მარტო დატოვება ჯერჯერობით არ შეიძლება. პოლიციელებს უთქვამთ, - ღობეზე გადაძრომის დროს წაიქცა და ასე დაზიანდაო. აი, ასეთია მათი "სიმართლე"... ყოჩაღ, იმ ქართველ ქალებს, რომლებმაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ცოცხალი კედელი აღმართეს! ეს კადრები მეორე დღეს ვნახე. სამმართველოს ეზოში სხვებიც რომ გადამხტარიყვნენ, ალბათ ჩემს შვილს ნამდვილ ტყვიასაც ესროდნენ.

- პოლიციის სამმართველოსთან მომიტინგეების მიყვანა რამდენად მართებული იყო? საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, უცნობმა ოპოზიციის მომხრეთა მინელებული პროტესტი გააცოცხლა და ახალი ცეცხლი დაანთოო...
- ტყუილია, პროტესტი არ მინელებულა. ერთ თვეზე მეტია, ხალხი ქუჩაში დგას. მინელებაში თუ ვინმე, ამა თუ იმ დღეს მათი რაოდენობის სიმცირეს გულისხმობს, მწარედ ცდება. ყველა მიტინგზე 200000 კაცი ვერ შეიკრიბება. იქ შეურაცხყოფილი ადამიანები დგანან და ცხოვრების ასე გაგრძელება აღარ უნდათ. ნახეთ, 9 მაისს ქუჩაში რამდენი ადამიანი გამოვიდა?! რაც შეეხება პოლიციის სამმართველოსთან მომიტინგეთა მიყვანის საკითხს, ამაში არასწორს ვერაფერს ვხედავ. რომ არა ხალხის პროტესტი, იმ ბიჭებს არავინ გაათავისუფლებდა. მორწმუნეები ვართო - ხელისუფალნი გაიძახიან. ეს არის მათი რწმენა?! შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ამბობდნენ, შუა საუკუნეებში დავბრუნდითო. ახლა მგონი, კიდევ უკან დავიწიეთ. მე ისეთი ხელისუფლება მინდა, რომელიც მოძალადე კი არ იქნება, არამედ ძალადობისგან თვითონ დამიცავს. ამ ინციდენტის დროს ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. მათ რა პასუხი უნდა გასცენ?! იმ დღეს ნასროლი პლასტიკური ტყვიები გაცილებით სახიფათო ყოფილა, ვიდრე - რეზინის. ისარივით ფორმა აქვს, სხეულს სერიოზულად აზიანებს (მინასავით იმსხვრევა) და ძლიერ სისხლდენას იწვევსო. ლევანს 2 ტყვია აქვს მოხვედრილი.

- წლების წინ, როცა თქვენი შვილები პატარები იყვნენ, თუ იფიქრებდით, რომ ასეთი აქტიურები იქნებოდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე?
- ლევანი და გია ყოველთვის აქტიურები იყვნენ. ბევრი მეგობარი ჰყავდათ, დაჩაგრულის გამოსარჩლება უყვარდათ.

- შვილებს შენიშვნებს თუ აძლევთ და თუ საყვედურობთ რაიმეს?
- რა თქმა უნდა. ემოციები აკონტროლეთ-მეთქი, - სულ ვსაყვედურობ. იცინიან: დედა, რა ადვილად ლაპარაკობ, აბა, წამოდი და მიტინგზე ერთხელ სიტყვით გამოდიო!.. ლევანი რომ ყვიროდა, - "მიშა, მოვდივაააარ!" - შენიშვნა მივეცი: ხომ შეიძლება, ეს სიტყვები წყნარად წარმოთქვა: მიშა, მოვდივარ!..

კატეგორია: News | დაამატა: ADMIN
ნანახია: 656 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
s"> .lols { background:#575757 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .lols:hover { background:#918e8e none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable { background:#D82020 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable:hover { background:#E33939 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts { background:#1E90FF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts:hover { background:#00BFFF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; }
?????? *:
Email:
???? *: