 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროცესები ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იორდანიის დედაქალაქ ამანიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება, სადაც იგი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო კვირეების მანძილზე ქვეყანას სერიოზული ზიანი მიადგა და ნორმალურ განვითარებას უნდა დაუბრუნდეს. “გადასახადები დამოკიდებულია სამუშაო ადგილებზე, სამუშაო ადგილები _ ინვესტიციებზე. როდესაც ასეთ პირობებში გამუდმებით გაისმის მუქარა, ჩვენ გადავკეტავთ გზას, გადავკეტავთ აეროპორტს და არავის შემოვუშვებთ, მე მინდა თითოეული ჩვენთაგანი დაფიქრდეს; რა ზარალი მოუტანა ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებამ თითოეული საქართველოს მოქალაქის ჯიბეს, ჩვენი ოჯახების ბიუჯეტს, ჩვენს მომავალს. ვის ვუკეტავთ?! ვბრუნდებით იმ პერიოდში, როდესაც რკინიგზა გადავუკეტეთ რუსეთს და ყველაფერი აირია. ქვეყანა ჩაეფლო შიმშილში, უდენობაში, უგზოობაში. ეს ხომ არ არის ჩვენი მრავალი საუკუნის წინანდელი ამბავი. ეს ჩვენი უახლოესი ისტორიაა”, _ აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვან ინვესტორებს ხვდებიან, რომელთაც ასობით მილიარდი აქვთ დასახარჯი, მაგრამ დახარჯავენ იქ, სადაც სტაბილური და ნორმალური გარემოა. ფორუმის ფარგლებში დღეს სააკაშვილი აღმოსავლეთის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. კერძოდ, იორდანიის მეფეს, საუდის არაბეთის პრინცს ბინ საუდის, ეგვიპტის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვა პირებს. ხვალ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად G11-ის სამიტი გაიმართება, რომელზეც სიტყვით საქართველოს პრეზიდენტიც გამოვა.
|