თინა ხიდაშელი: 26 მაისს სააკაშვილი ისევ პრეზიდენტი იქნება!
|
| 14.05.2009, 17:29 |
აი, ასე: სიტუაცია განიმუხტა. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ჩათრევას ჩაყოლა არ ამჯობინა და 26 მაისს რუსთაველის გამზირზე აღლუმის ჩატარება გადაიფიქრა. შესაბამისად, ამ ეტაპზე დარბევის თემაც მოიხსნა დღის წესრიგიდან. ისე, იმის შესახებ, რომ 16 მაისს ხელისუფლება რუსთაველის დასუფთავებას აპირებდა, 13 მაისს, დღის პირველ ნახევარში „ფაქტნიუსს“ მმართველ გუნდთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა. „ფაქტნიუსმა“ ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა და საღამოს, როცა პარლამენტის წინ ტრადიციული ბრიფინგი დაიწყო, „მოსალოდნელი დასუფთავების“ შესახებ ოპოზიციის ლიდერებს ზემოხსენებულ თემაზე გაესაუბრა. პირველად კომენტარი ლევან გაჩეჩილაძეს ვთხოვეთ. ამ დროს მომიტინგეებს სიტყვით ეკა ბესელია მიმართავდა. გაჩეჩილაძემ კითხვა მოისმინა თუ არა, „ფაქტნიუსის“ ჟურნალისტს განუცხადა, ერთი წუთითო, ეკა ბესელიას მიუახლოვდა და რაღაც უჩურჩულა. ქალბატონმა ეკამ საუბრის თემა ანაზდეულად შეცვალა და ხალხს აცნობა, ამ წუთებში მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 16 მაისს ხელისუფლება აქციის დარბევას აპირებსო. ამის შემდეგ რაც მოხდა, ცნობილია: ტრიბუნასთან ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით მივიდნენ და განაცხადეს, რომ დარბევის არ ეშინიათ. არადა, წყაროს ინფორმაციით, ლაპარაკი დარბევაზე კი არა, დედაქალაქის მთავარი გამზირის დასუფთავება-გასუფთავებაზე იყო.
ისე, დარბევის თემა, 9 აპრილიდან მოყოლებული, საზოგადოების ყველა ფენაში აქტუალურია. ეს კი არადა, მაისის დასაწყისში კულუარებიდან ხმა გამოვიდა, რომ 7 მაისამდე რაღაც აუცილებლად მოხდებოდა და, მართლაც: 6 მაისს პოლიციის სამმმართველოსთან მომიტინგეები და პოლიცია ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით დაერია. სიტყვამ მოიტანა და, როგორც ინციდენტის ადგილას მყოფი ოპოზიციონერები პირად საუბრებში ამბობენ, ხალხს ტყვიებს პოლიციის შენობიდან კი არა, ახლო-მახლო მდებარე კორპუსების სახურავებიდან ესროდნენ. ინციდენტის მონაწილენი იმასაც ამბობენ, რომ ტყვიების „გახეთქვის“ შემდეგ თავზე ქვიშასავით მასა ეყრებოდათ...
ასე და ამგვარად: 16 მაისი, სავარაუდოდ, მშვიდობიანი იქნება, მაგრამ მაინც, რას ფიქრობენ ოპოზიციის ლიდერები რუსთაველის გამზირის შესაძლო დარბევა-დალაგებ-დასუფთავებაზე? თინა ხიდაშელი, „რესპუბლიკური პარტიისა“ და „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი: _ თუ ხელისუფლება დასუფთავებას და ნაგვის გატანას გადაწყვეტს, ამას მივესალმებით. ქალაქის მერი პოლიტიკური განცხადებებით კი არა, თავისი საქმით უნდა იყოს დაკავებული. არ მგონია, დასუფთავებაში სხვა რამ იგულისხმებოდეს, 9 აპრილის შემდეგ განვითარებული მოვლენები გვიქმნის განცდას, რომ ჩვენს დარბევას არ აპირებენ, რადგან საბოლოოდ, მიხვდნენ, ამას რა შედეგებიც მოჰყვება... თუ 26 მაისი სააკაშვილისთვის ასეთი მნიშვნელოვანია და სურს, რომ აღლუმიც ჩატარდეს, ამის შანსი აქვს, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ ადექვატური გახდება _ არჩევნებს დანიშნავს. შეიძლება, 26 მაისს სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყოს, დღეებზე არ ვკამათობთ, მაგრამ არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. იყოს 26-ში პრეზიდენტი და აღლუმი ყველამ ერთად ჩავატაროთ!
ლევან გაჩეჩილაძე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი: _ მერიის გეგმების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. მერიის თანამშრომლები დასუფთავებას აპირებენ თუ სპეცოპერაციას, არ ვიცი. მოვლენ?! დავხვდებით! პრობლემა არ არის. იმ ადამიანის აზრზე, რომლის აზრსაც, არც ვიზიარებ და არც ვენდობი, მოსაზრებას ვერ გამოვხატავ. რაც შეეხება 26 მაისს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ აქ ვრჩებით!
ირაკლი ბათიაშვილი, „რესპუბლიკური პარტია“: ასეთი „დასუფთავების“ მომსწრე ვიყავი 12 აპრილს _ ზონდერ-ბრიგადები შემოგვესივნენ და დიდი ჩხუბი გვქონდა. გაანადგურეს აპარატურა, თუმცა მაშინ თავიანთი გეგმების სრულად შესრულების საშუალება არ მივეცით. ვიცი მაგათი დასუფთავება, სჯობს, რუსთაველის გამზირი ნაგვისგან მართლა გაწმინდონ.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 589 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|