 როგორც “ფაქტნიუსს” კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური წარმომადგენელი, “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. წყაროს თქმითვე, ინიციატივა პრეზიდენტისგან მოდის. კითხვაზე, რისთვის სჭირდება პრეზიდენტს მეგობარყოფილთან ტეტ-ა-ტეტ საუბარი, წყარო ორჭოფულად პასუხობს, შესაძლოა, ხელშეუხებლობის გარანტიები მოითხოვოსო. წყაროს ინფორმაცია შესაძლოა, უტყუარია, მაგრამ ოპოზიციის დესპანებთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვერდიქტი გამოიტანა _ რადიკალებს ხუთ-პუნქტიანი ინიციატივა შესთავაზა, თუმცა ბურჯანაძეს პრეზიდენტის არ სჯერა და დაჟინებით ითხოვს პროტესტის გაგრძელებას. სამაგიეროდ, დიალოგში მიუღებელს ვერაფერს ხედავს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი, ირაკლი ალასანია. ამ ფონზე, ბურჯანაძე ყველაზე რადიკალ და, შესაძლოა, ითქვას, საშიშ ფიგურად რჩება, მით უმეტეს, თუკი აქციებამდე აგორებულ იარაღისა და სხვა სკანდალსაც გავიხსენებთ.ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ბურჯანაძესთან საუბარი, შესაძლოა, მართლაც სურს. სხვათა შორის, იყო დრო და არცთუ შორეულ წარსულში, როცა მიხეილ სააკაშვილი ბურჯანაძეს ფოლადის ქალს ეძახდა. ამ ეპითეტით პრეზიდენტმა დღევანდელი რადიკალი იმ დროს შეამკო, როცა ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ეს სპორტის სასახლეში, “ნაციონალების” ყრილობაზე მოხდა... გამოხდა ხანი და... ბურჯანაძე ჯერ “ნაციონალებს” გაემიჯნა, მერე _ მიხეილ სააკაშვილზე მიიტანა იერიში... ისე, თავის დროზე, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი და ბურჯანაძე ერთმანეთს მტრად მოეკიდებოდნენ, თუმცა პოლიტიკაში მუდმივი მეგობრობა ხომ არ არსებობს...ერთი სიტყვით, “ფაქტნიუსმა” კონფიდენციალური წყაროს ინფორმაცია ბურჯანაძის პარტიის წევრთან, რომა კუსიანთან გადაამოწმა, თუმცა კუსიანმა ყველაფერი უარყო. “ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ პირდაპირ ეთერში შეხვდება,” _ განაცხადა კუსიანმა.ისე, რა ამის პასუხია და, ქართული ანდაზაა, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო...
|