ხელისუფლება პროვოკაციას არ წამოეგო"
|
| 14.05.2009, 15:53 |
_ ექვს მაისს გვესროლეს ტყვიები, რომელთა გამოყენება აკრძალულია ყველა ნორმალურ ქვეყანაში. მიუხედავად მოწოდებისა, არ გვესროლოთო, პოლიციელები გვესროდნენ და გვაგინებდნენ. იქ მარტო პოლიცია არ ყოფილა, მაშინვე გაჩნდა სპეცრაზმი. ერთადერთი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") გადახტა ღობეზე, რომელსაც ხელში ეწერა დაკავებული ბიჭების წერილი ეჭირა, რომლის გადაცემა სურდა პოლიციის ხელმძღვანელობისთვის. სამწუხაროდ, ის შენობას არც კი მიაკარეს და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, იქვე სასტიკად სცემეს. დაშავდა 17-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები, ოპერატორები "სახელისუფლებო" არხებიდან, რომლებიც სისხლს იწმენდდნენ და ისე აგრძელებდნენ მუშაობას, _ უთხრა გაზეთ “გურიანიუსს” გაერთიანებული ალიანსის ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ გაჩეჩილაძემ, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა.
გურიის ხელისუფლება კი, მომხდარი ფაქტის შეფასებაში ერთსულოვანია: "ეს იყო პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც ხელისუფლება არ წამოეგო". გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი აღნიშნულ მოვლენებს "ზღვარგადასულს" უწოდებს: _ ყველაფერს აქვს ჩარჩო და ამ ჩარჩოებს არაფერი არ უნდა გადასცდეს. ის, რაც თბილისში მოხდა 6 მაისს, იყო ზღვარგადასული. დიდი ხანია აქციები იმართება და ამისთვის არავის შეუშლია ხელი, მაგრამ როცა მიდიხარ და სახელმწიფო დაწესებულების ღობეზე ცდილობ გადასვლას, ეს მეტისმეტია. დაშავებული არიან როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. ამის აღნიშვნა არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კანონი იმისთვის არსებობს, რომ ყველამ დაიცვას, _ განუცხადა “გურიანიუსის’ ჟურნალისტს ჩიტაიშვილმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ აღნიშნულ საკითხზე გაზეთთან საუბარი არ ისურვა. გამგებელმა კი აღნიშნა, რომ ეს იყო მხოლოდ პროვოკაცია: _ ეს იყო ოპოზიციის მხრიდან დაწყებული პროვოკაცია, რომელსაც არ წამოეგო ხელისუფლება და შესაბამისად, ყველაფერი ზედმეტი გართულებების გარეშე დასრულდა, _ თქვა დოლიძემ. როგორც აღმოჩნდა, დოლიძის მოადგილე, დიმიტრი კორიფაძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შესახებ საქმის კურსში არ იყო: _ არ ვიცი, რა მოხდა და ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ. 7-ში მითხრეს ბიჭებმა რომ რაღაც მოხდა. როცა ეგ ხდებოდა, მეზობელთან ვიყავი და ფეხბურთს ვუყურებდი, _ გვითხრა კორიფაძემ და თან დაიფიცა, რომ სიმართლეს ამბობდა.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 545 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|