პარტია `საქართველოს გზის~ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას ელჩებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ელჩებთან შეხვედრისას ის აღდგომის ღამეს ქალთა კოლონიასთან ბუნტის მოწყობაში დაანაშაულა.
როგორც დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებთან შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მას გუშინ ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფმა დაუდასტურა. გარდა ამისა, ზურაბიშვილის თქმით, ბრალდებები ისმოდა პრეზიდენტთან შევედრის დროსაც, სადაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი „გრუს“ აგენტია, ხოლო ნინო ბურჯანაძეს რუსეთი აფინანსებს.
„ეს არის ტოტალიტარული სისტემის გამომხატველი. თუ ეს ჩემთან მიმართებაში ხდება, როგორც 30 წლის დიპლომატის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, კანონმორჩილი პარტიის ლიდერისადმი, ცოტა ხანში ვერ წარმოიდგენთ, რა მოხდება“, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|