 რუსეთმა საქართველოში ეუთო-ს მისიის გაგრძელების გადაწყვეტილებას ვეტო დაადო და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებელი მისიის გახსნა მოითხოვა, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. საქართველოში მისიის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ეუთო-ს წევრი 56 წევრი სახელმწიფოს მოალაპარკებები, სავარაუდოდ, შეჩერდება. ხოლო მისიის თანამშრომლებს საქართველოს ტერიტორიის დატოვება 30 ივნისს მოუწევთ. აშშ და ევროპის სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ეუთო-ს მისიის ყოფნა საქართველოს ხელისუფლებასა და სეპარატისტულ ძალებს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანია. საბერძნეთი გამოვიდა ინიციატივით, მისიის სახელწოდებაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსი არ დასახელებულიყო და მისიის დამკვირვებლებს კონფლიქტის ზონაში შესვლის საშუალება მისცემოდათ. თავის მხრივ, ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მხოლოდ დამოუკიდებელი მისიის მუშაობას დაუშვებს, რომელიც პირდაპირ ვენას დაექვემდებარება. საქართველოში ეუთო-ს მისიის გაგრძელებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დღეს ვენაში მიმდინარეობდა.
|