 პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის აზრით, ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია ერთიანობის სერიოზულ ტესტს გადის და თუ მან ბრძოლის ტაქტიკაში ცვლილებების მიუხედავად ერთიანობა შეინარჩუნა, ოპოზიციის სიძლიერე ქართულ დემოკრატიას მნიშვნელოვნად წაადგება. მისი თქმით, ფაქტია, რომ ხელისუფლება-ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკაში ცვლილებები შეიტანა. „ის, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა თბილისში აღლუმის ჩატარებაზე, თავიდან გვაცილებს კონფრონტაციას, მაგრამ დაპირისპირების, ანუ ჩიხური ვითარების შენარჩუნება თავის მხრივ გამოწვევაა ოპოზიციისათვის, ვინაიდან ოპოზიციას კონფრონტაციული ფონის შესანარჩუნებლად დამატებითი რესურის მობილიზება მოუწევს“,-განაცხადა გეგეშიძემ. მისი შეფასებით, უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ სიტუაცია ახალი ვითარების ფორმირების პროცესშია. გეგეშიძის თქმით, რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება უშედეგო ჩიხური ვითარება, ოპოზიციაში ერთიანობის შენარჩუნების შესაძლებლობა მით ნაკლები იქნება და ოპოზიციის გახლეჩვის ალბათობა გაიზრდება. პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ პროცესის დროში გაწელვა ხელისუფლების ინტერესშია, ვინაიდან სწორედ იგია დაინტერესებული იმაში, რომ ოპოზიციამ ერთიანობა არ შეინარჩუნოს. „ოპოზიცია ერთიანობის სერიოზულ ტესტს გადის და თუ მან ბრძოლის ტაქტიკაში ცვლილებების მიუხედავად ერთიანობა შეინარჩუნა, ოპოზიციის სიძლიერე ქართულ დემოკრატიას მნიშვნელოვნად წაადგება“,_აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ.
|