სახელისუფლებო გუნდმა დიპლომატიურ კორპუსს ოპოზიციის მიმართ გაკეთებული შეთავაზებები გააცნო
|
| 13.05.2009, 22:54 |
| თბილისის მერიაში სახელისუფლებო გუნდი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე და თბილისის მერი, გიგი უგულავა ესწრებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა ელჩებს ის შეთავაზებები გააცნეს, რაც სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ოპოზიციის მიმართ გაკეთდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ელჩები სრულად არიან ინფორმირებულები იმ საკითხებზე, რომლებიც ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა. დარჩიაშვილის თქმითვე, დიპლომატები ხელისუფლების ხედვას ოპოზიციისთვის გაკეთებულ წინადადებებზე იზიარებენ. “ელჩებს გვაცანით ოპოზიციისთვის ჩვენ მიერ შეთავაზებული წინადადებათა პაკეტი, მათი მხრიდან გარკვეული შეკითხვები იყო და მათზე ამომწურავი პასუხებიც მიიღეს, გარდა ერთი კითხვისა: თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს აქციები. ეს დამოკიდებულია თვითონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებზე, როდის გადაწყვეტენ, რომ კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთონ, რომელიც ნორმალური, ცივილიზებული პოლიტიკური პროცესის ნაწილი იქნება და არ ის, რომ საკნები და ქუჩის გადაკეტვები პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენონ, სწორედ მაშინ მოგვეცემა საშუალება, რომ თბილისის ქუჩები გახსნილი ვიხილოთ”, _ აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა. ელჩებმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 561 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|